მოდის ისტორიაში არც თუ ისე ბევრი პერსონაა, რომელიც ერთდროულად მოდის დემოკრატიზაციის დიდ მხარდამჭერად, ინოვატორად, სხვათა ინსპირაციის წყაროდ (ე.წ Blueprint-ად), უნიკალური ხედვის მქონე არტისტად და ანტი-მოდის იდეოლოგიის მატარებლად შეიძლება განიხილებოდეს. ასეთები მხოლოდ ერთეულები არიან, და, სრულიად მიკერძოებული არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ამ ერთეულებში პირველი ადგილი მარტინ მარჯიელას (Martin Margiela) უკავია.
მარტინის ბიოგრაფია საკმაოდ საინტერესო და შთამაგონებელია დამწყები თუ წარმატებული არტისტების, მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის. თუმცა, დღეს ამ ბლოგში არ განვიხილავ მარიტინის ბიოგრაფიას, არამედ მის ხელოვნებას, შედევრებსა და მოდის ისტორიის ერთ-ერთ გამორჩეულ პერიოდს, რომელიც მარჯიელას მოდის სახლის მუშაობას მოიცავს დაფუძნებიდან (1988 წლიდან) მარტინის მიერ მოდის სახლის დატოვებამდე (2009 წლამდე).


განვიხილავ ჩემთვის რჩეულ დიზაინებს, ჩვენებებსა და ისტორიულ კოლექციებს, რომლებიც შეგიქმნით ზოგად წარმოდგენას მარჯიელას მოდის სახლის მუშაობის სტრატეგიასა და მარტინის ხედვაზე მოდის მიმართ. ამასთანავე, იმედი მაქვს, ბლოგის წაკითხვის შემდგომ, თანამედროვე მოდის სახლების ბოლოდროინდელ და მომავალ კოლექციებში გაგიადვილდებათ დაინახოთ მარტინის გავლენა და ამოიცნოთ მარჯიელას რეფერენსები.

მარტინის პირველივე ჩვენების შემდგომ და მისი გამოჩენისთანავე მოდის პრესაში, ყველამ გაიაზრა, რომ სრულიად ახლებურ ხედვასთან, მიდგომასთან და სითამამესთან ჰქონდათ საქმე. 1989 წლის პირველივე კოლექციაში კრიტიკოსებს არ გამორჩენიათ ის, რომ დიზაინერი ცდილობდა მოდელებს აუდიტორიასთან მაქსიმალური ფიზიკური კონტაქტი ჰქონოდათ, რამაც ერთგვარი ისტორიული კონცეფცია შექმნა მოდის სახლისათვის- მინიმალური ბარიერები დაეწესებინა მოდასა და ადამინებს შორის.
მოდა მხოლოდ ელიტური არ შეიძლება იყოს- ეს იყო იდეა, რამაც საფუძველი ჩაუყარა მარტინის მუშაობას.


1990 წლიდანვე გმოჩნდა ანტი-მოდის იდეოლოგია მარჯიელას კოლექციებში ტანისამოსის დეკონსტრუქციითა და ისეთი ექსპერიმენტული (ამავდროულად მოდის სახლისათვის შემდგომ უკვე სავიზიტო ბარათად ქცეული) დიზაინების შექმით, როგორებიც იყო Tabi და Oversized ჩექმები, სამხედრო-საზღვაო ძალების ჯარისკაცების წინდებისაგან გაკეთბეული ე.წ. Sock Sweater 1991 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციისათვის, მომრგვალებული, გამოკვეთილი და აწეული მხრები პიჯაკზე (შემდგომ უკვე ცნობილი, როგორც Rounded Shoulder Blazer), 1992 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისათვის შექმნილი ტყავის თათმანები, ე.წ კათოლიკე მღვდილს (პადრეს) პალტო 33 ღილით (თითოეული ღილი, როგორც სიმბოლო ქრისტეს დედამიწაზე გატარებული თითოეული წლისათვის) და მრავალი სხვა.






ფაქტია, რომ მარჯიელა ეს იყო რაღაც დიდი, ფართომასშტაბიანი და უცხო. მოლოდინები და ინტერესი მოდის სახლის მიმართ საოცარი სისწრაფით იზრდებოდა და მარტინმაც 1993 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციით „საკადრისი პასუხი გასცა“ ამ მოლოდინებს:
ორი პარალელური შოუ ერთსა და იმავე დროს;
ორი კოლექცია -თეთრი და შავი;
ორი ლოკაცია – ჰოსპიტალი და ავტოფარეხი;
თეთრი შოუსათვის მოდელებს შეღებილი, გრძელი წამწამები ამშვენებთ, შავი ჩვენებისათვის -თვალების მიდამოში გადასმული შავი საღებავი. ყველასათვის ცხადი ხდება, რომ მოდა ახალ ფუნქციებს იძენს- იყოს არა მხოლოდ მატერიალური/ ხელშესახები, არამედ კონცეპტუალური, იდეის მატარებელი, სიტყვის მთქმელი. არაპროპორციული სილუეტები, დაუსრულებელი ეფექტის მქონე ნაჭრები, დეკონსტრუქციული სამოსელი. ის, რასაც მოდის კრიტიკოსები არ ელოდებოდნენ, გაცხადდა.



Photos from Vogue Runway and Margiela Archive
ამავე წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია კი გადაწყდა, რომ უჩვეულო სახით წარმოდგენილიყო- 7 სხვადასვა პროფესიის, ასაკისა და ეროვნების ქალი ყოველდღიური ცხოვრების რაკურსიდან აჩვენებდა კოლექციას ფილმის მეშვეობით, რომელიც მოდის სახლმა გადაიღო და მოწვეულ პრესის წარმომადგენლებს აჩვენეს „შოურუმში“.

სიახლეები, ინოვაციები და მოულოდნელი გადაწყვეტილებები არ ჩერდებოდა… მარტინის თვალსაწიერი უფრო და უფრო იზრდებოდა, „ტრადიციული“ მოდა კი მარტინს ვერ ეწეოდა.
1995 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება, ვფიქრობ, არის ის მომენტი, როცა მარტინმა თავისი და მოდის სახლის ექსკლუზიური, ავთენტური ხელწერა და უცილობელი წარმატება საბოლოოდ გააფორმა- ჩვენება ცირკში გაიმართა, ყველა მოდელის სახე დაფარული და ანონიმური იყო, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მოდის სახლი არ მუშაობს ადამიანთა კონკრეტული ჯგუფისათვის და რომ მარჯიელა ეკუთვნის ყველას, ის შეუძლია ატაროს ყველამ. ჩვენების ერთ-ერთი მთავარი დეტალი ქამარია, რომელიც ადამიანის ბუნებრივი თმისგანაა დამზადებული. ასევე იკვეთება წითელი ფერის Tabbies და ძოწისფერის, მკვეთრი ვარდისფერისა და შავის მონოქრომულ ლუქებში გამოყენების ტენდენცია. ასევე მოდის სახლი ცვლის მიდგომას ე.წ „ლეიერინგთან“ (რამდენიმე შრიანი ლუქის აწყობასთან)- ერთმაგი შრე შემოდის ერთი ნიმუშში, როგორც ტანს ზევით, ასევე ტანს ქვემოთ. ჩვენებას ასრულებს ყველა მოდელი წითლი ბუშტებით და ახალი ეპოქის დასაწყისიც ასე აღინიშნება. სანახაობა სრულდება.




Photos from Vogue Runway
თუმცა, არათუ სრულდება მარჯიელას ექსპერიმენტები, არამედ ზუსტად ერთ წელში მარტინი ცვლის მთლიან ესთეტიკას კოლექციაში. ამისდა მიუხედავად, უცვლელი რჩება მოდის სახლის იდეა და სტრატეგია.
1996 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია მკაფიოდ განსხვავებულია იმისაგან, რაც აქამდე მარტინს გაუკეთებია- ბოჰემური, ყოველდღიური, ყოფითი მოდიდან, რომელიც მარჯიელასათვის ავთენტური და მეტად ახლოს მდგომია, ძველი ჰოლივუდისა და სიმდიდრის, ელიტური მოდის კონცეფცია უეცრად ბრუნდება პოდიუმზე.
აბსოლუტურად ბნელ ოთახში გამნათებელი დაყვება მოდელებს და ზედა მხირდან სინათლის აქცენტირებით ხაზს უსვამს დღის მთავარ ნიმუშებს. მოდელი არ არის აქ მთავარი, მთავარი აქ მოდაა… სწორედ ამიტომ, მოდელებს სახის ზედა ნახევარი შავი საღებავით აქვთ დაფარული (რეფერენსი აქ მარჯიელას 1993 წლის გაზაფხული/ზაფხულის შავი შოუდანაა).


Photos by Vogue Runway
ერთ-ერთი მთავარი სიახლეა დიდი ზომის წელის ქამარი, რომელიც ასევე უნდა იყოს რეფერენსი იაპონური კიმონოდან. ასევე ამ ჩევნებაზე ჩნდება შანელის რეფერენსიც (ფეხსაცმელის წინა ნახევრის შავი შეფერადება, ე.წ black tipped shoe), როცა თეთრ ფეხსაცმელზე (tabby boots-ზე) ზემოდან კოლგოტია ამოცმული, რომელიც წინა ნაწილს შავი საღებავით შეღებილის იმიტაციას უკეთბს. რა თქმა უნდა, შანელის რეფერენსირებაც კონტექსტუალურია, რაც კლასიკური, ჰოლივუდური სილამაზის სიმბოლიზებას უნდა მიეწერებოდეს. ჩვენებაზე კიდევე ერთი სიახლეც ჩნდება, როცა მოდელების ნაწილს ფეხები თეთრად აქვთ შეღებილი, რაც სავარაუდოდ, ან ფეხიდან თმის მოშორების, პარსვის იმიტაცია უნდა იყოს, (როგორც სილამაზის სტანდარტი სიმბოლო) ან ეს კიდევ ერთი ილუზიური შტრიხი უნდა იყოს მარტინისაგან (ან თუნდაც ორივე ერთად).


ასევე ჩნდება 1989 წლის, პირველი შოუს რეფერენსი როდესაც ისევ და ისევ “blown out knees” („გაცვეთილი მუხლები“, „დაკუჭული მუხლები“) ჩნდება შარვლებში, რაც სრულიად ახალ სამოსელს (შარვალს) ანიჭებს უკვე გამოყენებულის იერსახეს. ეს ჩვენება და კოლექცია უმნიშვენლოვანესია, ვიტყოდი, არამარტო მოდის სახლის, არამედ მსოფლიო მოდის ისტორიისათვის, რადგანაც ეს არის გარდამტეხი მომენტი, როცა მოდის სახლი პირდაპირ, საკუთარი ხელოვნებითა და ასევე მოდით უპირისპირდება უკვე მრავალი წლის მანძილზე ფართოდ გავრცელებულ სტანდარტებს, ბარიერებსა და მიდგომებს მოდაში. მარჯიელა ცდილობს მოდა მოარგოს ადამიანებს და არა პირიქით.
აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1996 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაც არანაკლებ საინტერესო იყო თავისი ტექნიკური სიახლით- „დაპრინტვის ტექნიკით“, რომელიც შემდგომ მოდის სახლმა განავითარა და მომავალში არაერთი ნიმუშისა და ორიგინალური ტანისამოსის შექმნისათვის გამოიყენა. მაგალითად, 1996 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში შევხვდები კაბებზე შეხვდებოდით წინა კოლექციის ქურქის პრინტებს, სიშიშვლის ილუზიებს, განსხვავებული სახეობის ქსოვილით სრულიად სხვა ტექსტურის გამოხატვისა და ძველთან ახლის გაერთიანების მცდელობის ხელოვნებას, რომელიც ერთ საერთო და დიად იდეას ატარებდა- მოდას შეუძლია იყოს ხიდი წარსულა და აწმყოს შორის, ტანისამოს აქვს უნარი თავის თავში ატაროს ისტორია, „სასიამოვნოდ მოატყუოს თვალი“. მკაფიოდ უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ მარტინის მთავარი მამოძრავებელი იდეა, ყოველთვის იყო მოდისა და ადამიანის მაქსიმალურად დაახლოვება ერთმანეთთან.



Photos by Vogue Runway
1997 წლის შემოდგომა-ზამთრის „ნახევრად-კუტიური“/ნაწილობრივ მაღალი მოდის კოლექციაც ამ იდეის მატარებელია, სადაც მარტინი ცდილობს საზღვრები მაღალ მოდასა და ყოველდღიურ ტანისამოსს შორის გააუფერულოს. ამავდროულად, ის არ ერიდება ექსპერმენტალურ მიდგომებს, და 1998 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციისათის ე.წ Flat Show-ს (სიბრტყის შოუ) მართავს, რომელიც ორგანზომილებიანი ეფექტის ტანისამოსის ჩვენებაა აუდიტორიისათვის, ისევ და ისევ იმ იდეით, რომ ტანისამოსი ერგება ადამიანს, მის ხასიათსა თუ სილუეტს და წარმოადგენს თვითგამოხატვის ერთ-ერთ საშუალებას.






1998 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაც ანალოგიური კონტექსტისა და სტილისაა- იმართება ე.წ Marionette Show -სადაც კოლექციას ადამიანების სიმაღლისა და ფორმების თოჯინები წარმოადგენენ, რომელბიც მექანიკურად იმართებიან. უკან თეთრ ფონზე სინქრონულად მიედინება ვიდეოკადრები მოდელების მონაწილეობით, რომლებიც ერთდროულად საუბრობენ და წარმოაჩენენ ერთსა და იმავე ტანისამოსს სამი სხვადასხვა პერსპექტივით (სამი განსხვავებული მოდელის მეშვეობით). სიახლე თითქმის არ გვხვება სტილისა და ტანისამოსის კუთხით. თუმცა მაინც შეიძლება Coin purse glove bag (თათმანი ჩანთა-საფულე) მივიჩნიოთ ინოვაციურ და საინტერესო ნიმუშად. აქვე, ხაზგასასმელია ისიც, რომ 1997 წელს მარტინი ხდება Hermès -ის ქალის ხაზის კრეატიული დირექტორი და, შესაბამისად, უფრო დიდი ძალისხმევის ჩადება უწევს (და მეტი მნშივნლობაც და დატვირთვაც ენიჭება) მარჯიელას მოდის სახლის გუნდს. სწორედ ამიტომ კოლექციათა დასახელებაში, პრესაში, მარკებსა თუ კოლექციის მოსაწვევებზე უფრო აქტიურად ჩნდება Maison Martin Margiela (მოდის სახლი მარტინ მარჯიელა) მხოლოდ Martin Margiela-ს ნაცვლად.




Photos by Vogue Runway
1999 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია მარტინის ბოლო კოლექციაა მე-20 საუკუნეში, რომელსაც გამორჩეული ადგილი უკავია და დღემდე მრავალი მოდის სახლის ინსპირაციადაა ქცეული კოლექციის მთავარი ნიმუში- ე.წ. Duvet cover coat („საბნის პირის/სარჩულის პალტო“).


მარჯიელას მე-20 საუკუნის კოლექციებსა და ჩვენებებზე საუბარი აქ დავასრულოთ, შემდეგ ნაწილში კი საუბარი გავაგრძელოთ მარტინისა და მისი მოდის სახლის მოღვაწეობაზე უკვე ახალ, 21-ე საუკუნის ეპოქაში.
ლენტო

Leave a comment