მოდის არქივში არაერთი კადრი მოიძებნება პოდიუმზე, რომელიც ლეგენდარულად შეიძლება შეირაცხოს. თუმცა, მაინც არსებობს ისეთი მომენტები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან, როგორც ყველაზე ხმაურიან, ეპატაჟურ და დასამახსოვრებელ მოვლენებად. სწორედ ასეთ განსაკუთრებულ ეპიზოდებს შეეხება ეს ბლოგიც.
მოდელის პოდიუმზე დაცემა-წაბორძიკებები მათთვის, ვინც სამოდელო ინდუსტრიასა და მოდის შოუებს აქტიურად ადევნებს თვალს, უცხო ნამდვილად არაა. ამ დროს მთავარი არა ისაა თუ როგორ ეცემა მოდელი, არამედ ის, თუ როგორ დგება ფეხზე და აგრძელებს სვლას. თუმცა აუდიტორიისათვის ყოველი მომენტი საინტერესო და ეპიკური იყო Vivienne Westwood-ის 1993 წლის ჩვენებაზე, როდესაც Naomi Campbell-ი 30 სმ-იანი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით წარსდგა ჩვენებაზე და დისბალანსის გამო დაეცა. მართალია, ეს არ იყო Naomi-ს პირველი და უკანასკნელი ინციდენტი პოდიუმზე, თუმცა ფაქტია, მოდის მოყვარულთათვის სწორედ ეს უკანასკნელი შემთხვევა დარჩა მეხსიერებაში, როგორც სუპერმოდელის იკონური “მარცხი”.



მაკქუინის ჩვენებათა უმრავლესობა შეიძლება რევოლუციურად და ლეგენდარულად შეფასდეს, თუმცა მოდის ექსპერტები თანხმდებიან, რომ ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი პოდიუმზე, რამაც ტექნოლოგიური წინსვლა, ფუტურიზმი და მოდა ერთმანეთს საბოლოოდ დაუკავშირა, სწორედ მაკქუინის შოუზე 1999 წლის კოლექციის ჩვენებისას, Shalom Harlow-ს მონაწილეობითა და რობოტების დახმარებით შექმნილი დაუვიწყარი ქორეოგრაფიულ-ტრანსფორმაციული ნომერია. აუდიტორიის თვალწინ მოდელმა თეატრალური ოსტატობით შეძლო ნათლად ეჩვენებინა მოდის მომავალი და გარღვეული ლიმიტაციები.




ასეთივე თეატრალური და სრულიად უნიკალური შოუ მოაწყო Coperni-მ 2022 წელს, როცა ჩვენების ფინალში საცვალი, რომლითაც Bella Hadid-ი აუდიტორიის წინაშე წარსდგა, რამდენიმე წუთში ე.წ fabric spray-ს დახმარებით, საღამოს კაბაში ტრანსფორმირდა.



თვად Shalom Harlow-ს პოდიუმზე არაერთი სხვა ლეგენდარული მომენტი უკავშირდება, რომელთაგან უმეტესობა ხშირად ხდებოდა ხოლმე კონსპირაციული თეორიებისა და კულუალური ჭორების მიზეზი. მათგან გამოსარჩვია Brandi Quinones-სთან შეჯახება Gianni Versace -ს გაზაფხული-ზაფხულის 1995 წლის კოლექციის ჩვენებაზე (რომელიც მოგვიანებით პოდიუმზე “ინი და იანის” რეფერენსით შეფასდა) და Amber Valletta-ს “დაჩრდილვა” Todd Oldham -ის 1995 წლის გააფხული-ზაფუხლის კოლექციის ჩვენებაზე (რაზეც მოგვიანებით ორივე სუპერმოდელმა განაცხადა, და დამტკიცებულადაც შეიძლება ითქვას, რომ ეს უბრალოდ განსხვავებული სვლის რიტმის გამო შექმნილი გაუთვალისწინებლობა იყო და რომ ისინი საუკეთესო მეგობრები არიან).
სუპერმოდელთა ვარსკვლავთცვენა და “reunion”-ი ასევე ყველაზე თვალშესაცემი მომენტია ხოლმე მოდის მოყვარულთათვის და მოდის სახლების ერთგვარ გათვლასაც წარმოადგენს პრესის ყურადღების მისაპყრობათ. ასეთი მომენტებია სწორედ Versace-ს შემოდგომა-ზამთრის კოლექციის 1991 წლის ჩვენების ფინალში იმ დროის წამყვანი სუპერმოდელების -Linda Evangelista, Naomi Campbell, Christy Turlington, Cindy Crawford-ის კოლექტიური “catwalk” ჯორჯ მაიკლის ჰიტის, “Freedom”-ის ფონზე.
ასეთივე “იკონური” მომენტის მომსწრენი გავხდით ისევ Versace-ს 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე Cindy Crawford, Naomi Campbell, Claudia Schiffer, Helena Christensen, and Karen Mulder-ის ერთად გამოჩენით.

პრესაში დიდ აჟიოტაჟს გამუდმებით იწვევს Rick Owens თავისი “გიჟური” და აბსოლუტურად ჩარჩოებს გაცელილი გადაწყვეტილებებით და არც 2016 წელი იყო გამონაკლისი, როცა საზოგადოებამ პირველად იხილა “ადამიანი ზურგჩანთა” (Human Backpacks). აღნიშნული ჩვენება უამრავი შარჟისა და კომედიური შინაარსის კონტენტის, ე.წ “მიმების” წყაროც გახდა, რითაც “მოდის უცნაურობათა არქივში” გარანტირებულად დაიკავა საპატიო ადგილი.

ბლოგი კი არ შემიძლია არ დავასრულო ორი გენიოსის- Galliano და McQueen-ის ჩვნებების მარგალიტებით. ორივე ეს კონტროვერსული დიზაინერი უამრავი გენიალური ნიმუშისა და მიგნების პირველწყაროა. ძნელია თქვა, რომ რომელიმე მათი ჩვენება წინა ჩვენებებზე უფრო დასამახსოვრებელი ან/და ნაკლებად “გამომწვევია”. თუმცა მე მაინც ვეცადე შემდეგი ორი მომენტი ამომერჩია თქვენთვის:
1) Dior-ის 2000 წლის ჩვენებაზე PETA აქტივისტების პოდიუმზე ასვლა და მათი ბრუტალური ჩამოყვანა (თუ ასე შეიძლება ეწოდოს) დაცვის სამსახურის მიერ (რასაც Inga Savits-ის ასევე იკონური “catwalk” მოჰყვა).

2) Alexander McQueen, “Voss”, 2001 წლის გაზაფხული-ზაფხულის შოუს (რომელიც ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში გაიმართა) ფინალი, როცა მინის ყუთი საბოლოოდ იმსხვრევა და შიგნით მოთავსებული მოდელი სრულიად შიშველი წარსდგება აუდიტორიის წინაშე. სიგიჟის ზღვარზე მყოფი პერსონის სურათი, სოციალური პრობლემების სიმძაფრე, საზოგადოებირვი წნეხი და “გონებრივი თამაშები” ასე “ვულგარულად” და ამავდროულად საინტერესოდ ჯერ არც-ერთ დიზაინერს არ ჰქონდა წარმოჩენილი, რაც ლი მაკქუინმა შეძლო და ოქროს ასოებით ამოტიფრა საკუთარი სახელი მოდის ისტორიის სახელმძღვანელოებში.



ლენტო


Leave a comment